English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 4 ∘ თეა ლაზარაშვილი
ეროვნული ინოვაციური სისტემების ფორმირების თავისებურებები თანამედროვე ეტაპზე

რეზიუმე

სტატიაში განხილულია ეროვნული ინოვაციური სისტემების ფორმირება და მათზე მოქმედი ფაქტორები. გაშუქებულია ეროვნული ინოვაციური სისტემებისთვის დამახასიათებელი საერთო ნიშან-თვისებები ურთიერთმოქმედი ბლოკების სახით. კერძოდ: კრეატიული ბლოკი, ტექნოლოგიების ტრანსფერის ბლოკი, წარმოების ბლოკი და კადრების მომზადების ბლოკი.

მსოფლიოში არსებული ეროვნული ინოვაციური სისტემების ანალიზმა გვიჩვენა, რომ გამოკვეთილია ეროვნული ინოვაციური სისტემების 5 ძირითადი ტიპი. ესენია: ევროატლანტიკური, აღმოსავლეთაზიური, სამმაგი სპირალის და ოთხმაგი სპირალის მოდელი.

დახასიათებულია თითოეული სისტემა, გამოკვეთილია მათი თავისებურებები და შესაბამისად ის ქვეყნები, სადაც გამოყენებულია ეს სისტემები.

საკვანძო სიტყვები: ეროვნული ინოვაციური სისტემა, ევროატლანტიკური, აღმოსავლეთაზიური, სამმაგი სპირალი.

შესავალი

XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო ეკონომიკური განვითარების ძირითადი ფაქტორის ცვლილება, რამაც საფუძველი ჩაუყარა ახალი ტიპის ეკონომიკის ფორმირებას, სადაც ცოდნის ფაქტორი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ხოლო ცოდნის წარმოება ეკონომიკური ზრდის წყაროს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის დომინანტი მეცნიერული ცოდნის, ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციური პროცესების, საქონლისა და მომსახურების სისტემების და ბიზნესის ორგანიზაციის ახალი ფორმები ხდება. ინოვაციები ეკონომიკური ზრდის სტრატეგიულ ფორმად გადაიქცევა, ზემოქმედებს საზოგადოებრივი წარმოების სტრუქტურაზე, ცვლის საზოგადოების ეკონომიკური ორგანიზაციის სახეს და საბოლოოდ ქვეყანაში სოციალური სიტუაციის სტაბილიზებას უწყობს ხელს. ეროვნული ინოვაციური სისტემების ფორმირების პროცესი შედარებით ინტენსიურად განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარეობს. ეროვნული ინოვაციური სისტემების სხვადასხვა ტიპისა და მოდელის ფორმირება დამოკიდებულია ქვეყნის ეროვნულ თავისებურებებსა და ეკონომიკურ პოტენციალზე.

ეროვნული ინოვაციური სისტემების საერთო ნიშნები

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ინოვაციური სისტემები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან, მათ გააჩნიათ საერთო ნიშნები, რომელიც მოიცავს ურთიერთმოქმედი ბლოკების ერთობლიობას. ეს ბლოკებია: კრეატიული ბლოკი, ტექნოლოგიების ტრანსფერის ბლოკი, წარმოების ბლოკი და კადრების მომზადების ბლოკი.

კრეატიულ ბლოკს ხშირად ცოდნის წარმომშობ ბლოკსაც უწოდებენ, მასში შედის უნივერსიტეტები, სამეცნიერო ინსტიტუტები, სოციალური ქსელები, რომლებიც უზრუნველყოფენ სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან მკვლევარების არაფორმალურ ურთიერთობებს.

ტექნოლოგიების ტრანსფერის ბლოკში გაერთიანებული არიან სხვადასხვა შუამავლები, მ.შ. პროფესიონალი ექსპერტების არაკომერციული ფონდები, რომლებიც ფართო ქსელური კავშირებით, განსაკუთრებული გარემოს ფორმირებას ახდენენ და უზრუნველყოფენ კრეატიული იდეების ავტორთა კონტაქტებს პოტენციურ მყიდველებთან.

ფინანსირების ბლოკი მოიცავს დაფინანსების წყაროებს, რომელიც საჭიროა საცდელ ნიმუშში იდეის ტრანსფორმაციისა და შემდგომ მის მასობრივ წარმოებაში გაშვებისათვის. საგარეო ფინანსირების 3 წყაროა ცნობილი: საბანკო კრედიტი, ინოვაციების გაყიდვა და ვენჩურული დაფინანსება.

წარმოების ბლოკში ინოვაციური წარმოების ორგანიზაციის ორი ალტერნატიული ვარიანტია შესაძლებელი: 1. ასეთი წარმოება შეიძლება ჩაერთოს რომელიმე მსხვილი ფირმის საწარმოო სტრუქტურაში და შესაბამისად გამოვიყენოთ ვერტიკალური ინტეგრაციის უპირატესობა, რაც ტრანსაქციურ ხარჯებს ამცირებს. 2. ახალი საწარმოს შექმნა, სადც საწარმოო ტრანსაქციური დანახარჯების მინიმიზება ხდება მცირე ზომების ხარჯზე.

კადრების მომზადების ბლოკი ორიენტირებულია სამეცნიერო კადრების ფორმირებაზე.

სამამულო და უცხოელი მკვლევარების აზრი ეროვნული ინოვაციური სისტემების ბლოკებთან მიმართებაში არაერთგვაროვანია. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეროვნული ინოვაციური სისტემის ძირითადი ელემენტები 6 ძირითად ბლოკში შეიძლება გაერთიანდეს, კი – 10-ში. რამდენი ელემენტისაგანაც არ უნდა შედგებოდეს ეროვნული ინოვაციური სისტემები, ისინი ახდენენ ცოდნის გენერირებას და ინოვაციური კადრების მომზადებას; ქმნიან ინოვაციურ ინფრასტრუქტურას, აწარმოებენ ინოვაციურ პროდუქტს და ატარებენ სახელმწიფო პოლიტიკას. ბლოკებს შორის ურთიერთქმედება შემდეგი სქემის  მიხედვით ხორციელდება: „სახელმწიფო-მეცნიერება“, „მეცნიერება-წარმოება“, „სახელმწიფო-წარმოება“. ამ სქემის მიხედვით, კერძო სექტორის როლი გამოიხატება საკუთარი კვლევების საფუძველზე ტექნოლოგიების შემუშავებასა და ინოვაციების ათვისებაში. სახელმწიფოს ძირითადი როლი მდგომარეობს წარმოების ხელშეწყობაში ფუნდამეტური ცოდნისა და სტრატეგიული ხასიათის ტექნოლოგიების კომპლექსში და ინოვაციური საქმიანობისათვის ინფრასტრუქტურისა და კეთილსასურველი ინსტიტუციური პირობების შექმნაში. ამ პირობითი მოდელის რეალიზაციის სხვადასხვა ვარიანტები ეროვნული ინოვაციური სისტემების ფორმირებას ახდენს [Сергеев В.М. 2008].

ეროვნული ინოვაციური სისტემის მოდელები

მსოფლიოში არსებული ეროვნული ინოვაციური სისტემების ანალიზმა გვიჩვენა, რომ გამოკვეთილია ეროვნული ინოვაციური სისტემის 4 ძირითადი ტიპი. ესენია: ევროატლანტიკური, აღმოსავლეთაზიური, ალტერნატიული და სამმაგი სპირალის [Козлова Ж.М., 2011].

ევროატლანტიკური მოდელი სრული ინოვაციური ციკლის მოდელს წარმოადგენს, ანუ ის მოიცავს ინოვაციური იდეის წარმოქმნიდან მზა პროდუქციის მასობრივ წარმოებამდე ყველა ეტაპს. იმ ქვეყნებში, სადაც ეს მოდელი გამოიყენება, ინოვაციური სისტემის სტრუქტურის ყველა კომპონენტია წარმოდგენილი: ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებები, კვლევები და შემუშავებები, საცდელი ნიმუშების შექმნა და მათი გაშვება მასობრივ წარმოებაში. როგორც წესი, ასეთ მოდელს იყენებენ განვითარებული ქვეყნები, რომლებიც ეროვნული ეკონომიკების მსოფლიო კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ლიდერობენ. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და სხვ.

აღმოსავლეთაზიური მოდელი გამოირჩევა იმით, რომ მის ინოვაციურ ციკლში ფუნდამენტური იდეის ფორმირების სტადია არ არსებობს. ამ მოდელზე დაფუძნებულ ინოვაციურ სისტემებს პრაქტიკულად არ გააჩნია ფუნდამენტური მეცნიერების კომპონენტი. აღნიშნული მოდელი გამოიყენება აღმოსავლეთ აზიის რეგიონის ქვეყნების  მიერ. ესენია: იაპონია, სამხრეთ კორეა, ჰონკონგი, ტაივანი და სხვა. აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, რომლებიც მაღალტექნოლოგიური პროდუქტის ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი, სესხულობენ ტექნოლოგიებს „ტრადიციული“ მოდელის მქონე ქვეყნებისაგან. ინოვაციური განვითარების აღნიშნული მოდელის კლასიკურ ნიმუშად იაპონიიის ინოვაციური სისტემა ითვლება.

ინოვაციური განვითარების ალტერნატიული მოდელი უპირატესად სოფლის მეურნეობის ქვეყნებში გამოიყენება, რომელთაც არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი პოტენციალი ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების სფეროში, აგრეთვე ნედლეულის მდიდარი მარაგი, გადამამუშავებელი ტექნოლოგიები და ა.შ. ასეთ ინოვაციურ სისტემაში სუსტადაა ან საერთოდ არ არის წარმოდგენილი არა მარტო ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების ბლოკი, არამედ მაღალტექნოლოგიური კომპონენტი. ქვეყნებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, მიაღწიონ შესამჩნევ შედეგებს ახალი ტექნოლოგიების შექმნაში, ინოვაციურ პოლიტიკაში აქცენტს აკეთებენ კადრების მომზადებაზე ეკონომიკის, ფინანსების, მენეჯმენტის, შრომის, სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის სფეროებზე და აგრეთვე მსუბუქი მრეწველობის, კრეატიული ინდუსტრიის და რეკრეაციის ცალკეული დარგების განვითარებაზე. დიდი ყურადღება ეთმობა ტრანსნაციონალური კორპორაციების, საერთაშორისო ბანკების და საერთაშორისო პოლიტიკური სტრუქტურების ადგილობრივი წარმომადგენლებისათვის მენეჯმენტის მომზადებას. ინოვაციური განვითარების აღმოსავლეთაზიური მოდელი გამოიყენება ტაილანდში, ჩილეში, თურქეთში, პორტუგალიასა და სხვ.

რაც შეეხება „სამმაგი სპირალის“ მოდელს, რომელმაც, ბოლო ათწლეულში, აშშ-ში პოვა განვითარება, პრინციპულად განსხვავებულია ზემოთ აღნიშნული მოდელებისაგან არა მარტო ეროვნული ინოვაციური სისტემის სტრუქტურით, არამედ მისი ცალკეული ელემენტების ურთიერთქმედების მექანიზმითაც, დღეისათვის ამ მოდელის ცალკეული ელემენტების ფორმირების პროცესი შეიმჩნევა დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანასა და იაპონიაში [7].

მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

ეროვნული ინოვაციური სისტემის ევროატლანტიკური მოდელი დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია ფართოდ განვითარებული, რომელთაც მრავალწლიანი სამეცნიერო ტრადიციები და გამოცდილება გააჩნიათ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამ ქვეყნებმა კარდინალურად შეცვალეს კვლევის  პრიორიტეტები და აქცენტი  აიღეს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის მიღების შედარებით იაფ საშუალებებზე. მაგალითად, დიდმა ბრიტანეთმა 1940 წლის ბოლოს უარი თქვა ბირთვული ფიზიკის სფეროში გრძელვადიან კვლევებზე და აქცენტი გააკეთა რადიოასტრონომიისა და მაღალმოლეკულური ნივთიერებების ბიოლოგიური თვისებების შესწავლაზე. დიდმა ბრიტანეთმა მიაღწია ძალიან დიდ წარმატებებს და საფუძველი ჩაუყარა ორ ფუნდამენტურ სამეცნიერო დისციპლინას: ასტროფიზიკასა და მოლეკლულურ ბიოლოგიას. დღესდღეობით ბრიტანული ინოვაციური სისტემა კონცენტრირებულია მსოფლიო დონის უნივერსიტეტების გარშემო, როგორიცაა გ ოქსფორდი, კემბრიჯი, ლონდონის უნივერსიტეტი და სხვა. დიდი ბრიტანეთის ინოვაციური სისტემის განვითარებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი 2000-იანი წლების დასაწყისში ტექნოლოგიური სტრატეგიების საბჭოსა და გრძელვადიანი განვითარების ინოვაციური სტრატეგიის მიღებამ, ტექნოლოგიური სტრატეგიების საბჭო ახორციელებს ინვესტიციებს ახალი ტექნოლოგიების შექმნაში და მხარს უჭერს მათ განვითარებასა და კომერციალიზაციას. გარდა ამისა,  ქვეყანაში იქმნება ორი ტიპის ინოვაციური ცენტრები. პირველი ტიპი ორიენტირებულია სპეციფიკური ტექნოლოგიების შემუშავებასა და ბიზნესის მოთხოვნილებებისა და შესაძლებლობების შესაბამისად მათი გამოყენების ხელშეწყობაზე. ინოვაციური ცენტრების მეორე ტიპი ფოკუსირდებიან ეკონომიკის ან ბაზრის გარკვეულ სექტორზე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გაერთიანებისათვის [5].

იტალიასა და გერმანიაში ეროვნული ინოვაციური სისტემები კონცენტრირებულია მსხვილი უნივერსიტეტების გარშემო.

რაც შეეხება მცირე ევროპულ ქვეყნებს, აქ ეროვნულ ინოვაციურ სისტემებში აქცენტი კეთდება უნივერსიტეტებში ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაზე, რომლებიც უპირატესად სახელმწიფოს მიერ ფინანსირდებიან. ამ ქვეყნებს მიეკუთვნება: შვეცია, ნიდერლანდები, დანია, შვეიცარია, ფინეთი. მათ ინოვაციურ სისტემებში მნიშვნელოვანი ადგილი ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიებს უკავია. ზოგიერთ მათგანში მოქმედებს უმაღლესი კვლევების ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას ფუნდამენტური მეცნიერების სფეროში. გამოყენებითი კვლევები მცირე ევროპულ ქვეყნებში უმეტესად გრანტის ხარჯზე ფინანსირდება მსხვილ ტრანსნაციონალურ კორპორაციებთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ამასთან, ასეთი კვლევების ფინანსირებაში აქტიურად მონაწილეობს მცირე და საშუალო ბიზნესი. ეროვნული ინოვაციური სისტემების მშენებლობაში ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია ეროვნული თავისებურებები. მაგალითად დანიაში, უნივერსიტეტების გარდა, ინოვაციური სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები წარმოადგენს, რომლებიც მიმაგრებული არიან სხვადასხვა სამინისტროებთან და სამეცნიერო კვლევებს შესაბამისი სამინისტროს მოთხოვნების შესაბამისად ატარებენ. არსებობს კიდევ ინსტიტუტების სისტემა, რომლებიც წარმოადგენენ დამოუკიდებელ კონსალტინგურ კომპანიებს, რომლებიც შეიმუშავებენ და ყიდიან გამოყენებით ცოდნას და ტექნოლოგიურ მომსახურებას კერძო საწარმოებსა და სახელმწიფო დაწესებულებებზე. ეს ინსტიტუტები არაკომერციულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, რომლებიც შექმნილია მეცნიერების, ტექნოლოგიების და ინოვაციების სამინისტროების მიერ და საქმიანობას შემდეგი ძირითადი მიმართულებით ახორციელებენ: ნოუ-ჰაუს დამოუკიდებლად განვითარება; სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან და კერძო კომპანიებთან ერთად ერთობლივ პროექტებში მონაწილეობა და კომერციული საქმიანობა.

დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობს ეროვნული ინოვაციური სისტემების გაერთიანების პროცესები ერთიან სამეცნიერო-ტექნიკურ და ინოვაციურ სივრცეში. ამ მიზნით შემუშავებულია სპეციალური მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის ახალი ინოვაციური სტრატეგიის რეალიზაციას. ერთიანი ევროპული ინოვაციური სივრცე წარმოადგენს რთულ ურთიერთდამოკიდებულებას ფორმირების დონეს, შემადგენელ ელემენტებსა და ინსტრუმენტებს შორის. ეროვნული ინოვაციური სისტემა მუდმივად იცვლება, წარმოიქმნება თანამშრომლობის ახალი ფორმები. ტრანსნაციონალური კორპორაცია აძლიერებს და აფართოებს ერთიან ევროპულ ინოვაციურ სისტემას [Иванова Н.И., 2010].

აღმოსავლეთ აზიის რეგიონში განვითარდა ეროვნული ინოვაციური სისტემის აღმოსავლეთაზიური მოდელი, რომელიც სხვა მოდელებისაგან, პირველ რიგში, თავისი სტრუქტურით განსხვავდება, რაც იმაში გამოიხატება, რომ აქ უნივერსიტეტები, როგორც ფუნდამენტური შემუშავებების ცენტრი, თამაშობენ გაცილებით მცირე როლს, ვიდრე კორპორაციებთან არსებული კვლევითი ლაბორატორიები. ამის ტიპურ მაგალითს წარმოადგენს იაპონია, სადაც ინოვაციური სისტემა ორიენტირებულია ძირითადად ტექნიკურ ინოვაციებსა და უახლეს ტექნოლოგიებზე და არა ფუნდამენტური ცოდნის წარმოებაზე.

იაპონიის ეროვნული ინოვაციური სისტემა თანდათანობით ყალიბდებოდა და ძირითადად 3 ეტაპისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი XX საუკუნის 50-80-იანი წლები, მეორე ეტაპი – 80-იანი წლებიდან 2000 წლამდე და მესამე ეტაპი - XXI საუკუნის დასაწყისიდან დღემდე. თითოეული ეტაპი გამოირჩევა თავისებურებებით, რაც გამოწვეული იყო იმ პოლიტიკით, რომელიც ტარდებოდა სამეცნიერო, ტექნიკურ, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროში.

იაპონიის ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირება ხორციელდება ძირითადად მოწინავე საზღვარგარეთული ტექნოლოგიებისა და ნოუ-ჰაუს იმპორტირებით ეროვნული ფუნდამენტური კვლევების საფუძველზე, საკუთარ ორიგინალურ შემუშავებებსა და სამეცნიერო-ტექნიკურ მიღწევებზე დაყრდნობით [Авдокушин Е. Ф., 2010].

საყურადღებოა, რომ ფუნდამენტური კვლევების უმეტესი ნაწილი იაპონიაში უნივერსიტეტებსა და სახელმწიფო ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოებზე ხარჯების ძირითადი ნაწილი იაპონიაში ეკუთვნის კერძო სექტორს, რამაც განაპირობა ამ ქვეყნის წარმატებები ტექნიკური პროგრესის იმ მიმართულებებში, რომლებიც დაკავშირებულია მასობრივი მოთხოვნის სამომხმარებლო საქონლის წარმოებათან.

ქვეყნებში, რომელთაც არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი მეცნიერული პოტენციალი,  ანუ სადაც საერთოდ არ არსებობს ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების ბლოკი, ფორმირდება ინოვაციური განვითარების ალტერნატიული მოდელი. ამ მოდელის ეროვნული ინოვაციური სისტემის მაგალითებია: ტაილანდი, ჩილე, თურქეთი, პორტუგალია და სხვა. ტაილანდი და ჩილე ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირებისას უპირატესობას ანიჭებენ სოფლის მეურნეობის სფეროს ინოვაციური მენეჯმენტის განვითარებაზე და ახალი ტექნოლოგიების სესხებასა და არა მათ შემუშავებებზე. თანდათან ხდება ინოვაციური ინფრასტრუქტურის შემუშავება, რომელიც მოიცავს ინოვაციური განვითარების და ეროვნული ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ამაღლების სტრატეგიის შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში ფუნდამენტური მეცნიერებები უპირატესად უნივერსიტეტებში ვითარდება. წამყვანი ეროვნული უნივერსიტეტები სარგებლობენ მთავრობის მხარდაჭერით. შექმნილია ეროვნული ინოვაციური განვითარების ალტერნატიული მოდელი, რომელიც არ მოიცავს ფუნდამენტური მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების სრული საწარმოო ციკლის შექმნას ძალიან ხელსაყრელია იმ ქვეყნებისათვის, რომელთაც არ შესწევთ ძალა მაღალი ფინანსური და ორგანიზაციული ხარჯებისათვის [7].

მესამე მოდელი, რომელიც ცნობილია როგორც სამმაგი სპირალის მოდელი, ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირების უახლესი მოდელია, რომელმაც განვითარება ევროატლანტიკური მოდელის ბაზაზე მიიღო, თუმცა დასრულებული სახე მას ჯერ არც ერთ ქვეყანაში არ აქვს. ყველაზე მეტად იგი აშშ-ია განვითარებული. XXI საუკუნის დასაწყისში სამმაგი სპირალის თეორიამ ჩაუყარა საფუძველი სამმაგი სპირალის მოდელის შექმნას. ინოვაციური განვითარებისადმი სამმაგი სპირალის მოდელის გამოყენება გულისხმობს სამი ინსტიტუტის ურთიერთქმედებას (მეცნიერება-სახელმწიფო-ბიზნესი) და თითოეულ ეტაპზე ინოვაციური პროდუქტის შქმნას. იგი არის ორგანიზაციათაშორისი ურთიერთქმედებების  დინამიური მოდელი, რომელიც წარმოიქმნება ეკონომიკასა და საზოგადოების ევოლოციას შორის. თუკი ადრე, ინდუსტრიულ ეპოქაში ამ სამ ინსტიტუტს შორის  ურთიერთქმედება იყო წრფივი, ამ მოდელში უკვე იქმნება სპირალური სტრუქტურები, რომლებიც საშუალებას  აძლევენ ინსტიტუტებს, შეცვალონ და შეინარჩუნონ ერთმანეთის ზოგიერთი მახასიათებლები. მისი ძირითადი ელემენტებია: 1. სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული საზოგადოებისათვის დამახასიათებელია უნივერსიტეტების როლის გაძლიერება მრეწველობასა და მთავრობასთან ურთიერთქმედებაში; 2. სამი ინსტიტუტი – უნივერსიტეტი, სახელმწიფო და ბიზნესი მიისწრაფიან თანამშრომლობისაკენ, ამასთან ინოვაციური შემადგენელი გენერირდება მოცემული ურთიერთქმედებიდან და არა სახელმწიფოს ინიციატივით; 3. ტრადიციული ფუნქციების გარდა, თითოეული ამ სამი ინსტიტუტიდან ნაწილობრივ იღებს თავის თავზე სხვა ინსტიტუციური სფეროს ფუნქციებს, ხოლო არატრადიციული ფუნქციების შესრულება წარმოადგენს ინოვაციურ წყაროს. პრაქტიკაში ეს ხორციელდება შემდეგნაირად: უნივერსიტეტებს, რომლებიც დაკავებული არიან განათლებითა და სამეცნიერო კვლევებით, უნივერსიტეტის ინკუბატორებში ახალი კომპანიების შექმნის გზით, თავისი წვლილი შეაქვთ ეკონომიკის განვითარებაშიც. ბიზნესი ნაწილობრივ ეწევა განმანათლებლურ მომსახურებას, ხოლო სახელმწიფო, თავისი ტრადიციული საკანონმდებლო და მარეგულირებელი როლის გარდა, გამოდის როგორც საზოგადო მეწარმე და ვენჩურული ინვესტორი. აღნიშნულ მოდელში წამყვანი როლი ენიჭება უნივერსიტეტებს, რომლებიც გარდაიქმნებიან სამეწარმეო უნივერსიტეტებად ან სამრეწველო ტიპის უნივერსიტეტებად, იყენებენ ცოდნას პრაქტიკაში და შედეგებს დებენ ახალ საგანმანათლებლო დისციპლინებში.

ყურადსაღებია, რომ საზღვარგარეთ უკვე მუშავდება სამმაგი სპირალის გართულებული სახე ჴ მეოთხე სპირალის მოდელი, რომელიც ეხება ინტერაქტიულ ქსელურ ურთიერთობებს მთელი ეროვნული თანასაზოგადოების დონეზე. რადგანაც ინოვაციურ პროცესებზე ზემოქმედება დაიწყეს უკვე სხვა ინსტიტუტებმაც სხვადასხვა სოციალური ფენების სახით, ამიტომ ამ გარემოებამ დააყენა სამმაგ სპირალზე მეოთხე ელემენტის დამატების საკითხი. მიიჩნევენ, რომ მეოთხე სპირალი უკეთესად ახასიათებს თანამედროვე პოსტინდუსტრიულ ეკონომიკას, ვიდრე სამმაგი, რაც გამოწვეულია XXI საუკუნეში სამოქალაქო საზოგადოებისთვის განსხვავებული მნიშვნელოვანი როლის შეძენით ახალი კეთილდღეობისა და ფასეულობების შექმნასა და განვითარებაში [Ицкович Г., 2011].

დასკვნა

ეროვნული ინოვაციური სისტემების სხვადასხვა ტიპების ფორმირების საზღვარგარეთული გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ დღეისათვის უმეტესობა ქვეყნებში მიისწრაფიან ინოვაციური განვითარებისაკენ და შესაბამისად ირჩევენ ისეთი ეროვნული ინოვაციური სისტემის მოდელს, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება და ხელეწიფება მათ ეკონომიკას. ამასთან, კონკრეტული მოდელის შერჩევა უმეტესად უნდა განისაზღვრებოდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, განათლებისა და მეცნიერების არსებული დონით.

ეროვნული ინოვაციური სისტემის რომელიმე მოდელის ჩამოყალიბება და განვითარება ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისათვის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, სადაც ბიზნესი, სახელმწიფო და მეცნიერება საკმაოდ მჭიდროდ ურთიერთქმედებენ და, თავისი ტრადიციული ფუნქციების გარდა, იძენენ სხვა მათთვის არატრადიციულ ფუნქციებს და ასრულებენ მათ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფ წარმატებას ახდენენ ის ქვეყნები, რომელთაც დიდი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პოტენციალი გააჩნიათ, რაც საშუალებას მისცემს მათ, სწრაფად შეიმუშაონ და დანერგონ წარმოებაში ინოვაციური პროდუქტი. ყოველივე ამის გასაკეთებლად აგრეთვე საჭიროა მეცნიერებასა და ბიზნესს შორის დალაგებული ჰარმონიული ურთიერთობების არსებობა, რაც შეუძლებელია სახელმწიფოს აქტიური პროტექციონისტული პოლიტიკის გარეშე.

გამოყენებული ლიტარატურა

  1. Авдокушин Е. Ф. Национальная инновационная система Японии.//Вопросы новой экономики, №4(16) 2010.
  2. Глобальная трансформация инновационных систем. Под. ред. Н.И. Ивановой. М., ИМЭМО РАН, 2010.
  3.  Ицкович Г. Модель тройной спмрали // Инновационная Россия, №4, 2011.
  4. Козлова Ж.М. Проблемы становления национальной инновационной системы в России.//Вестник Алтайской академии экономики и права, №2 (20), 2011. http://journal-aael.intelbi.ru
  5. Обзор международного опыта инновационного развития. // Наука и технологии России. www.strf.ru/material.aspx?d_no=39679
  6. Сергеев В.М., Алексеевна Е.С., Нечаев В.Д. Типология моделей инновационного развития//полития,№4(51), 2008. http://kapital-rus.ru/articles/article/modeli_formirovaniya_nacionalnyh_innovacionnyh_sistem/